ექსკლუზივი | გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში შეყოვნების ამბავს დეტალებში იხსენებს #1TVSPORT
ექსკლუზივი | გიორგი შერმადინი ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში შეყოვნების ამბავს დეტალებში იხსენებს #1TVSPORT

გიორგი შერმადინმა რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში ერთი ღამე რომ გაათია, ამის შესახებ უკვე დავწერეთ. ის „ტენერიფესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩებისთვის ჩაფრინდა რუსეთში, მაგრამ მესაზღვრეებმა არ გაატარეს. 

ბოლოსდაბოლოს პრობლემა მოგვარდა და ის უკვე გუნდთან ერთად ემზადება ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „სტრასბურთან“ მატჩისთვის.

„უკვე სასტუმროში ვარ. ამ საღამოს გვქონდა ფოტოსესია, შემდეგ მეტოქის მატჩების ვიდეოგანხილვა და ვახშმის შემდეგ ოთახში ამოვედი. დავისვენებ, ხვალ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ და ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „სტრასბურთან“ (6 მაისს) ყველა კარგად ვითამაშებთ.“

გიორგიმ დეტალებში მოგვითხრო,  რუსეთში შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე:

„ესპანეთიდან რომ გამოვემგზავრე, რუსეთის ვიზა არ მქონდა. ნიჟნი ნოვგოროდიდან ჩვენს მენეჯერს მოსწერეს, რომ მე, სერბ და მონტენეგროელ კალათბურთელებს ვიზა არ გვჭირდებოდა. ვუთხარი, სხვებისა არ ვიცი, მაგრამ მე ვიზა მჭირდება-მეთქი. მიპასუხეს, რომ არაფერი იყო სანერვიულო, გვითხრეს, ვიზა არ უნდათო. მეც ვიფიქრე, რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩებს ეხება, ალბათ, პრობლემა არ შემექმნება-მეთქი.“

ტურნირის მეოთხედფინალში რვიდან სამი ესპანური გუნდია – „ტენერიფე“, „ბურგოსი“ და „სარაგოსა“. სამივემ ერთი თვითმფრინავით იმგვზავრა…

„საზღვარზე სამივე გუნდის კალათბურთელები გაუშვეს. ჩემს პასპორტში კი ვიზას დაუწყეს ძებნა. ავუხსენი სიტუაცია, მაგრამ კინაღამ უკან დამაბრუნეს. ბოლოს მითხრეს, ღამე აქ უნდა გაათიო, ახლა საზღვარზე ვერ გაგიშვებთ, იმედია, შენი პრობლემა დილით მოგვარდებაო. დილით კი არა, მეორე საღამომდე ვერ მოგვარდა“.

ესპანეთიდან თვითმფრინავი ნიჟნი ნოვგოროდში 3 მაისის 20 საათზე ჩაფრინდა, შერმადინი კი აეროპორტიდან 4 მაისის 18 საათზე გავიდა.

„ძალიან დამღალეს, მაგრამ დავისვენებ, ვიმედოვნებ, პირველ მატჩში მოვიგებთ და ასე ვივლით ჩემპიონობამდე“.