ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ჩასულ გიორგი შერმადინს რუსეთში არ უშვებენ - ქართველმა ღამე აეროპორტში გაათენა #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის ჩასულ გიორგი შერმადინს რუსეთში არ უშვებენ - ქართველმა ღამე აეროპორტში გაათენა #1TVSPORT

6 მაისს გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩს რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გამართავს. სწორედ იქ ჩატარდება ლიგის ფინალური რვაეული.

შერმადინის თანაგუნდელები რუსეთში 3 მაისს ჩაფრინდნენ, საზღვარზე ყველა გადავიდა გარდა გიორგი შერმადინისა. ის მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.

ამის შესახებ საკალათბურთო საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც გიორგის ბრაზილიელმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა ინსტაგრამზე დადო ფოტო სკამის გამოსახულებით და მინაწერით – ამ სკამზე, აეროპორტში გაათენა ღამე ჩვენი გუნდის საუკეთესო კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა. უერტასმა ქართველი ცენტრი გაამხნევა და იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება.

დავინტერესდით არსებული მდგომარეობით და გიორგის დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ისევ აეროპორტშია და კლუბის ხელმძღვანელობა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.

როგორც ესპანური წყაროები წერენ, „ტენერიფეს“ ხელმძღვანელობასთან ერთად შერმადინის საკითხთან დაკავშირებით ფიბა-ს ხელმძღვანელობაც აქტიურად მუშაობს.