ექსკლუზიური ინტერვიუ რაულ თუთარაულთან პირტეასთან ბრძოლამდე - ვფიქრობ მეტოქეს უპირატესობა მხოლოდ სიმაღლეში აქვს #1TVSPORT
23 აპრილს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამოცდილი ქართველი მებრძოლი რაულ თუთარაული ACA პრომოუშენში მეორე ბრძოლას გამართავს. შეგახსენებთ, რომ სადებიუტო ბრძოლა თუთარაულმა ბოსნიელ დრაგოლიუბ სტანოევიჩთან გამართა და 14 წამში ეფექტური ნოკაუტით გაიმარჯვა. იმავე ღონისძიებაზე ლევან მაყაშვილი რუმინელ აურელ პირტეასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
რაულ თუთარაულის მეტოქე 23 აპრილს სწორედ რუმინელი პირტეა იქნება. ქართველი მებრძოლი ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს გადის. ჩვენ რაულს დავუკავშირდით და მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.
– მოახლოვდა ბრძოლის თარიღი. ალბათ მოუთმენლად ელოდები ოქტაგონზე ასვლას და ლევანის წაგების გამო რევანშის აღებას. მეტოქეზე რას გვეტყოდი? როგორ ფიქრობ რის ხარჯზე შეეცდება ის უპირატესობის მოპოვებას?
– რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველოდები ბრძოლის დღეს. პირტეა ძლიერი სპორტსმენია და ამ ორგანიზაციაში მე-3 მებრძოლია. ვფიქრობ, რომ ლევანს არ წაუგია მასთან ბრძოლა და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა როგორც იცით, ჩვენ სპორტში ხშირია ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, რომ ის ჩემს პარტერში გადაყვანას და ჭიდაობას შეეცდება, თუმცა მე ყველაფრისთვის მზად ვარ.
– ლევან მაყაშვილისა და პირტეას ბრძოლის ნახვის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანე? ყველაზე მეტად რას უნდა მიაქციო ყურადღება მასთან ბრძოლისას?
– ჩემი აზრით, ყველაფერში მაქვს მასთან უპირატესობა გარდა სიმაღლისა (იცინის). ვფიქრობ, რომ დგომში მასზე გაცილებით ძლიერი ვარ და ვაპირებ, რომ თავს მოვახვიო ჩემი ბრძოლა და ამის ხარჯზე მოვიპოვო გამარჯვება.
– მოსამზადებელი ეტაპით რამდენად კმაყოფილი ხარ? რაიმე ტრავმა ხომ არ გაწუხებს?
– ძალიან კარგი და ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი მქონდა. ჩემს დარბაზში, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს ვაკეთებ, რომ ბრძოლას საუკეთესო ფორმაში შევხვდე. საკმაოდ კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვარ და ახლა უკვე უფრო მეტ დროს ტექნიკაზე მუშაობას ვუთმობ. მოკლედ რომ გითხრათ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ტრავმაც არ მაქვს.