მომდევნო ბრძოლის გამართვა 2-3 თვეში მსურს - ექსკლუზიური ინტერვიუ რაულ თუთარაულთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ
მომდევნო ბრძოლის გამართვა 2-3 თვეში მსურს - ექსკლუზიური ინტერვიუ რაულ თუთარაულთან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ

​პოლონეთის ქალაქ ლოძში გუშინ ACA პრომოუშენის მორიგი ქარდი გაიმართა. ACA 114-ზე ორი ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა.

მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დასანანი მარცხი განიცადა ლევან მაყაშვილმა, რომლის მეტოქე რუმინელი აურელ პირტეა იყო.

ორგანიზაციაში ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა რაულ თუთარაულს. ქართველმა მებრძოლმა ბოსნიელი დრაგოლიუბ სტანოევიჩი 14 წამში ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.

ჩვენ რაულ თუთარაულს ლოძში დავუკავშირდით და შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ACA პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლა ეფექტური ნოკაუტით დაასრულე. როგორ გეგმავდი გამარჯვების მოპოვებას? ასეთ მცირე დროში დროში ნოკაუტს ელოდი?

ბრძოლამდე ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარე. კარგ ფორმაში ვიყავი. გუნდთან და ჩემს მწვრთნელებთან ერთად დაუღალავად ვიშრომე, რამაც, როგორც ნახეთ შედეგი გამოიღო. ბედნიერი ვარ, რომ კარგი დებიუტი გამომივიდა ACA-ში.

შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ, მომდევნო ბრძოლის გამართვა როდის გსურს? და ხომ არ არის რომელიმე კონკრეტული მებრძოლი ვისთანაც ისურვებდი ოქტაგონის გაზიარებას?

ჯერჯერობით არ მაქვს დაგეგმილი კონკრეტუკლად, როდის გავმართავ შემდეგ ბრძოლას, თუმცა, სავარაუდოდ 2-3 თვეში კვლავ გავალ ოტქაგონზე. მომავალ მეტოქეზე დიდად არ ვფიქრობ. ვისაც ორგანიზაცია შემომთავაზებს, მზად ვიქნები, რომ დავუპირისპირდე. მე ყველაფრისთვის მზად ვარ.

ACA 114 -ზე შენთან ერთად ლევან მაყაშვილმაც გამართა ბრძოლა. შენი აზრით, სამართლიანი იყო მსაჯების გადაწყვეტილება?

ლევანის ბრძოლას ვუყურე და მე მაგალითად მაყაშვილს წაგებულად არ მივიჩნევ. ვთვლი, რომ საკმარისი გააკეთა მოსაგებად და მსაჯებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ამ პრომოუშენში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

რაულ თუთარაული და ლევან მაყაშვილი პოლონეთიდან თბილისში ხვალ დაბრუნდებიან.