„ექსეტერ ჩიფსმა“ „ჩემპიონთა თასი“ და პირველი ევროპული ტიტული მოიგო [ვიდეო]
რანგით პირველი ევროპული საკლუბო ტურნირის – „ჩემპიონთა თასის“ ფინალი, ბრისტოლში, „ეშტონ გეით სთედიუმზე“ ჩატარდა, რომელშიც „ექსეტერ ჩიფსმა“ პარიზულ „რასინგ 92“-ს უმასპინძლა, მეტოქე დრამატულ დაპირისპირებაში, ანგარიშით 31:27 დაამარცხა და კლუბის ისტორიაში პირველი ევროპული ტიტული მოიგო.
მატჩი ინგლისური კლუბის დიდი უპირატესობით დაიწყო. მატჩის პირველ მეოთხედში მათ მეტოქეს ორი უპასუხო ლელო დაუდეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა პარიზელები მალევე გამოცოცხლდნენ და ჯერ ირლანდიელმა საიმონ ზიბომ გაქვითა ლელო, ხოლო შემდეგ კი ხუან იმჰოფმა. „ბელადებმა“ ტაიმი მაინც მოიგეს – მესამე ლელო ჰარი ვილიამსის ინდივიდუალურ მოქმედებებს მოჰყვა – 21:12.
მეორე ნახევრის სტარტზე გუნდებმა სწრაფად გაცვალეს ლელოები – ჯერ ზიბომ შეასრულა დუბლი, ორიოდ წუთში კი სლეიდმა დაამიწა ბურთი. ფრანგებს ჰქონდათ მატჩის გადარჩენის შანსი. 49-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრების კვაჭმა კამი შამ მიითვალა ლელო, შემდეგ კი მაშნომ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში სამი ქულა თავის გუნდს შეხვედრის საუკეთესო მორაგბე ჯონ სიმონდსმაც მოუტანა და საბოლოო ანგარიში – 31:27 დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ „რასინგ 92“-ის ქართველი მორაგბეები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი სამატჩო განაცხადში არ იყვნენ.
ორივე ევროტურნირის („ჩემპიონთა თასი“ და „ჩელენჯ ქაფი“) ფინალში ფრანგული და ინგლისური კლუბების დუელი ვიხილეთ და ორივე შემთხვევაში გამარჯვება „პრემიერშიფის“ წარმომადგენლებს დარჩათ. ერთი დღით ადრე „ბრისტოლ ბეარზმა“ „ტულონი“ დაამარცხა და რანგით მეორე ევროპული საკლუბო თასის მფლობელი გახდა.
ექსეტერ ჩიფსი (21) 31 |
ლელო – ქოვან-დიქი, სიმონდსი, სლეიდი, ვილიამსი; გარდასახვა – სიმონდსი 4; ჯარიმა – სიმონდსი; |
რასინგი (12) 27 |
ლელო – ზიბო 2, იმჰოფი, შა; გარდასახვა – რასელი, მაშნო ; ჯარიმა – მაშნო; |