გურამ გოგიჩაშვილის ლელო „ჩემპიონთა თასზე“ [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზული „რასინგ 92“ კვირას „ჩემპიონთა თასის“ (Champions Cup) მერვედფინალურ ეტაპზე „ედინბურგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე პლეი-ოფისთვის უჩვეულო ანგარიშით – 56:3 დაამარცხა.

მატჩში, რომელიც ფრანგების დიდი უპირატესობით წარიმართა, 66-ე წუთზე თავის გამოჩენა „ბორჯღალოსნების“ ბურჯმა გურამ გოგიჩაშვილმაც შეძლო. ქართველმა მორიკინალმა „რასინგის“ სწრაფი იერიშის შემდეგ ბურთი მეტოქის ლელოდან ორიოდ მეტრში მიიღო და შოტლანდიელმა მორაგბეებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. გოგიჩაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 52-ე წუთზე გამოჩნდა.

გამარჯვების შედეგად „რასინგი“ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც 11 აპრილს „ბორდოს“ დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგულ წყვილს ვიხილავთ – ერთი დღით ადრე „კლერმონი“ „ტულუზას“ შეხვდება. ამავე დღეს „ექსეტერ ჩიფსი“ ირლანდიურ „ლენსტერს“ დაუპირისპირდება, ხოლო 10 აპრილს კიდევ ერთი ფრანგული კლუბის -„ლა როშელის“ და ინგლისური „სეილ შარქსის“ დაპირისპირება გაიმართება.