გიგაშვილის ლელომ „ტულონს“ ვერ უშველა - ქართველების „ბრივმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [ვიდეო]
გიგაშვილის ლელომ „ტულონს“ ვერ უშველა - ქართველების „ბრივმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [ვიდეო]

საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მე-15 ტურის შეხვედრებიდან ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საინტერესო „ბრივისა“ და „ტულონის“ დაპირისპირება იყო, რომელიც „სტად მუნისიპალზე“ გაიმართა. თამაშში, რომელიც „ბრივმა“ ანგარიშით 25:23 მოიგო, ოთხმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა – მასპინძლების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ვასილ ლობჟანიძე და ლუკა ჯაფარიძე, რომელიც მეორე ნახევარში სოსო ბეკოშვილმა შეცვალა. მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა მოედანზე ბექა გიგაშვილიც, რომლის 66-ე წუთზე დადებულმა ლელომ „ტულონს“ გამარჯვების კარგი შანსი მისცა, თუმცა ტაკულუამ ბოლო წუთებზე დანიშნული ჯარიმა არაზუსტად დაარტყა. „ბრივმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა“ მოიგო და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

„ბრივს“ ახლა 34 ქულა აქვს, მეცხრე ადგილზეა და გასავარდნ ზონას დაშორდა, „ტულონი“ კი 43 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.

ტურის გახსნით შეხვედრაში პარიზული „რასინგი“ „სტად ალტრადზე“ „მონპელიეს“ ესტუმრა და ზედიზედ მეშვიდე მარცხი აგემა. არადა, მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და რომ არა პარიზელთა ქართველი ბურჯების – გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილის გარჯა, დიდი ალბათობით, კიდეც მოიგებდნენ. მატჩის 78-ე წუთზე, სწორედ ქართველმა მორაგბეებმა დააჯარიმეს მეტოქე შერკინებაში – საჯარიმო ანტუან ჟიბერმა სამ ქულად აქცია და „რასინგმა“ ანგარიშით 24:22 მოიგო.  ამ მატჩშიც ოთხმა ქართველმა ითამაშა – „მონპელიეს“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებმაც მოედანი პირველი ნახევრის მიწურულს დატოვეს, ხოლო გელა აფრასიძეს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა.

„რასინგს“ 46 ქულა აქვს და მხოლოდ „ლა როშელსა“ და „ტულუზას“ ჩამორჩება, „მონპელიე“ კი 22 ქულით მე-13 ადგილს იკავებს და „ტოპ 14“-დან გავარდნის კანდიდატია.