„ექსეტერ ჩიფსმა“ „პრემიერშიფის“ ფინალში „უოსფზი“ დაამარცხა და ისტორიული დუბლი შეასრულა [ვიდეო]

„ექსეტერ ჩიფსმა“ ინგლისური „პრემიერშიფის“ ფინალში ლონდონური „უოსფზი“ დაამარცხა და რობ ბაქსტერის გუნდმა ისტორიაში პირველი დუბლი შეასრულა – მანამდე კლუბი „ჩემპიონთა თასს“ დაეუფლა, რომელიც წელს პირველად მოიგო.

„უოსფზი“ ჯიმი გოფერთის ადრეული საჯარიმოთი დაწინაურდა, რომელიც ჰენრი სლეიდმა ლელოთი გაბათილა, თუმცა შესვენებამდე ლელო ლონდონელების ახალგაზრდა მგეზავმა ჯეიკობ უმანგამაც მიითვალა და „ჩიფსმა“ ჯო სიმონდსის საჯარიმოების წყალობით პირველი ნახევარი სამ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 13:10 მოიგო.

მეორე ნახევარში წვიმა გაძლიერდა, გუნდებს ხელდახელ თამაში გაუჭირდათ და შესაბამისად, მატჩის ბედი კარში დარტყმებმა გადაწყვიტა. „ექსეტერმა“ მეტოქის ბოლო იერიშები მოიგერია, დასკვნით წუთებში სიმონდსმა მესამე საჯარიმო მიითვალა და საბოლოო ანგარიში 19:13 დააფიქსირა.

ზუსტად შვიდი დღით ადრე „ჩიფსმა“ ჩემპიონთა თასის ფინალში პარიზული „რასინგ 92“ არანაკლებ დრამატულ მატჩში დაამარცხა და გახდა მეოთხე ინგლისური გუნდი, რომელმაც „პრემიერშიფი“ და კონტინენტის უპირველესი საკლუბო ტურნირი ერთ სეზონში მოიგო. მანამდე მსგავსი შედეგი „ლესტერ თაიგერზს“ (2000/01-2001/02), „უოსფზს“ (2003/04) და „სარასენსს“ (2015/16-2018/19) ჰქონდათ.

ექსტერ ჩიფსი: (13) 19
ლელო: სლეიდი, გარდასახვა: სიმონდსი, ჯარიმა: სიმონდსი – 4.
უოსფზი : (10) 13
ლელო: უმანგა, გარდასახვა: გოპერთი, ჯარიმა: გოფერთი – 2.