ექიმის შეფასებით, ცაგერში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ექიმის შეფასებით, ცაგერში სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. 65 წლის მამაკაცი კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს.

ექიმის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი კვლევები უკვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ გუშინ დაჭრა. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი შემთხვევითი გამვლელი იყო.

დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.