ექიმის ინფორმაციით, საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის საქმეზე ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ექთანია
ექიმის ინფორმაციით, საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის საქმეზე ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ექთანია

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალების დაკარგვის საქმეზე ეჭვმიტანილი სავარაუდოდ ექთანი ქალია.

ჰოსპიტალის ექიმები მომხდარის დეტალებზე საუბარს ერიდებიან. სამედიცინო დაწესებულების ადვოკატი პაატა ბოლქვაძე კი ამბობს, რომ  სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე პასუხისმგებლობა კლინიკაში ერთ პირს აქვს დაკისრებული. რაც შეეხება მომხდარში სხვა პირების თანამონაწილეობას, როგორც ადვოკატი განმარტავს, ამას გამოძიება დაადგენს.

გიდასტურებთ, რომ კლინიკიდან რამდენიმე ათასი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი დაიკარგა. გამოძიებას ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველო აწარმოებს. ამ ეტაპზე, ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება და სამართლებრივი დევნა ცალკეულ პირებზე არ მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერაფერს გეტყვით, არ შემიძლია გითხრათ ვინ არის და რამდენი ეჭვმიტანილია და ვერც გავრცელებულ ინფორმაციაზე გეტყვით რამეს, დატოვა თუ არა საქართველო ეჭვმიტანილმა. მხოლოდ გეტყვით, რომ ბრძანებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებზე პასუხისმგებლობა ერთ პირს აქვს დაკისრებული. გამოძიება დაადგენს სხვა დეტალებს და სხვა პირების ჩართულობას“, – განაცხადა პაატა ბოლქვაძემ.

კლინიკის ექიმებს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. როგორც ერთ-ერთმა თანამშრომელმა პირველ არხს განუცხადა, ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, ქალია, რომელიც ექთნად მუშაობდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელიც მართვაში კომპანია ”მედ-ემერჯენსს” აქვს აღებული, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორისდამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.