ექიმის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი საშუალო სიმძიმისაა
ექიმის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი საშუალო სიმძიმისაა

„ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი საშუალო სიმძიმის.

როგორც ექიმი აცხადებს, მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენს კლინიკაში რჩება ოთხი პაციენტი. სამის ზოგადი მდგომარეობა არის მძიმე, ერთის ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორ პაციენტთან იგეგმება დღეს ოპერაციული ჩარევა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. გრძელდება ინტენსიური მოვლა და მკურნალობა. პაციენტები არიან ზოგადი პოლიტრავმის დიაგნოზით შემოსული. მართვის სუნთქვაზე ამჟამად არც ერთი არ იმყოფება. ოთხივე მათგანი არის კონტაქტური. ჯერჯერობით საყურადღებო მდგომარეობაა“, – განაცხადა ექიმმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა კრწანისის ქუჩაზე გუშინ მოხდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა, რვა პირი კი დაშავდა.