ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტს ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ახალ პაციენტს ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორაციით, მათ კლინიკაში მოთავსებულ 73 წლის პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დღეს საღამოს დაუდასტურდა, ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ამასთან, ექიმის თქმით, საქართველოში ის ოთხი დღის წინ ოჯახის წევრებთან ერთად დაბრუნდა.

„გუშინ საღამოს არის შემოსული ჩვენთან კლინიკაში. ეს პაციენტი იმყოფებოდა ესპანეთში, საფრანგეთში ოჯახის წევრებთან ერთად. დაბრუნდა ოთხი დღის წინ საქართველოში. ბოლო ორი დღეა, მისცა ტემპერატურა და მოგვმართა. აღებული იქნა დღეს ანალიზები „კოვიდ-19“-ზე და საათნახევრის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტესტზე პასუხი დადებითია. არის 73 წლის და ამ ადამიანის ოჯახის წევრები ერთად ჩამოვიდნენ, მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ ცალ-ცალკე იმყოფებოდნენ. ახლა ველაპარაკე ეპიდემიოლოგებს. ისინი ამ კონტაქტებს, ვადებს ადგენენ, მოკვლევას აკეთებენ.

პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, შეიძლება ვიზუალურად არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ როცა მისი ასაკი 73 წელია, პნევმონია აქვს, თანმხლებ დაავადებები ახლავს, თირკმლისა და სხვადასხვა პათოლოგია, ეს ყველაფერი ჯამში, რა თქმა უნდა, მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

თბილისთან კოორდინაცია გვაქვს კონსულტაციების დონეზე. თერაპიული პაციენტია და ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, აღჭურვილობა, სუნთქვის აპარატები – ეს ყველაფერი გვაქვს. ამდენად მძიმე ავადმყოფის მართვა შეიძლება“, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.