ექიმის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია
ექიმის ინფორმაციით, 12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, არჩილ აგლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოზარდს ამ დროისთვის ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

„პაციენტი შემოყვანილია 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლიანდაგზე გადასვლისას დაეჯახა მატარებელი. შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მრავლობით ჭრილობა. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდებოდა. ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძნობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა ექიმმა.

თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, ფოთიდან მოდიოდა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.