თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის.

მოზარდი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია.

„საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მატარებელი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, ფოთიდან მოდიოდა. კომპანიაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-დან აცნობეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.