ექიმი ვახტანგ ყიფიანი - მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მყისიერი რეაგირებისთვის, იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს
ექიმი ვახტანგ ყიფიანი - მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მყისიერი რეაგირებისთვის, იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს

დავტოვე საპატიმრო, დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ, – ამის შესახებ ექიმი ვახტანგ ყიფიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი – პირველ რიგში უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არც ერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი, რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის. იმედი მაქვს, სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობას“, – წერს ყიფიანი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ყიფიანის აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა.

ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.