თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვახტანგ ყიფიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ექიმი ვახტანგ ყიფიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვახტანგ ყიფიანი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე მხარეებმა აღკვეთის ღონისძიების სახე გადასინჯეს, სადაც დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი მიმდინარე წლის ზაფხულში დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო, პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ყიფიანის აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეიცვალა.

ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.