ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით საუბარი სავარაუდოდ არ ექნება
ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით საუბარი სავარაუდოდ არ ექნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა.

როგორც ყიფშიძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე დღეს საუბარი სავარაუდოდ არ იქნება.

„საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დღეს არ გვქნება სავარაუდოდ საუბარი. გუშინდელის მერე არაფერი არ უნდა შეცვლილიყო. მინდა, გავიარო ახალი ანალიზები, თუ გაკეთებულია, რუტინული კვლევები უნდა იყოს, საუბარია სისხლის ანალიზზე. ყველაფერი ორგანიზმზეა დამოკიდებული. მერვე დღე არ არის რაც შიმშილობს, მეტი დღეა, რადგან როგორც მითხრა, გზაში არაფერი უჭამია, სავარაუდოდ 15 დღეა“,- განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის თხოვნით ვერ ისაუბრებს იმაზე, თუ რა გამოიკვეთა სამედიცინო კვლევების შედეგად.

რაც შეეხება კითხვას, საავადმყოფოში გადაყვანა დგას თუ არა დღის წესრიგში, ნიკოლოზ ყიფშიძე პასუხობს – „მე არ მითქვამს, რომ დღეს ან ხვალ, ეგ არავინ იცის“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პირადი ექიმის განცხადების შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მოგვიანებით, ინფორმაცია გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა.