ექიმების საბანკო ამონაწერების გავრცელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს
ექიმების საბანკო ამონაწერების გავრცელებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სწავლობს

ექიმების საბანკო ამონაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შესწავლა დაიწყო.

როგორც პირველ არხს თამარ ქალდანის აპარატში განუცხადეს, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ და რა საფუძველზე გადასცა მედიას საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

„ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ, სესხის რაოდენობა, თუ საბანკო ამონაწერი პერსონალური მონაცემებია და მათ დამუშავებას, მათ შორის, მესამე პირისთვის გადაცემას, უნდა ჰქონდეს კანონით განსაზღვრული საფუძველი. კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ არ ვრცელდება საზოგადოების ინფორმირების მიზნით მედიის საქმიანობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ვინ და რა საფუძვლით გადასცა მედიას საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო. მიმდინარეობს გარემოებების მოკვლევა და დაგეგმილია ინსპექტირების ჩატარება“, – აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი ექიმების საბანკო მონაცემები 13 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში გავრცელდა.