ექიმების ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
ექიმების ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, – ამის შესახებ „ევექსის“ რეგიონულ კლინიკაში აცხადებენ.

მათივე თქმით, მოზარდს საავადმყოფოში მიყვანისას გულის მუშაობა შეუჩერდა.

როგორც ექიმები აცხადებენ, რეანიმაციული ღონისძიებების გატარების შედეგად, გულის მუშაობა აღდგა, თუმცა, რომ ჯერ დაუდგენელია, გულის გაჩერების პერიოდში რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღო ტვინმა.

„შემოყვანისას გულის მუშაობა შეჩერებული იყო, გატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც აღდგა გულის მუშაობა. ჯერ დაუდგენელია, გულის გაჩერების პერიოდში რამდენად მძიმე დაზიანებები მიიღო ტვინმა. მდგომარეობა არის უმძიმესი“, – განაცხადეს „ევექსში“.

რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით, ტრავმები აღენიშნებათ.

„ერთ-ერთ დაშავებულს მალების მოტეხილობა აქვს, მეორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას ტვინის შერყევა აქვს“, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.