ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა მოიწვია და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,  გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ახალ წელს თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის საჭიროა, გაწეული სამუშაოების გაძლიერება.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი იმედს გამოთქვამს, რომ ექიმი თავის ოჯახს, რაც შეიძლებს სწრაფად დაუბრუნდება.

საქართველოში გერმანიის ელჩი ​ ჰუბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე, რომელიც უკანონოდ არის დაკავებული, ჰუმანიტარული გადაწყვეტის გზა მოიძებნება.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.