ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს, – ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ნედ პრაისზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კულებას ავსტრალიიდან დაუკავშირდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ალბათობა ძალიან მაღალია.
ნედ პრაისის თქმით, ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას რუსეთისთვის მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი შედეგები. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კულებას აცნობა გლობალური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიმართულია დეესკალაციის მოთხოვნისკენ და უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის ზრდის შესაკავებლად.
ნედ პრაისის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ სარგებლობს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის უცვლელი და ურყევი მხარდაჭერით.