აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინის საკითხი განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკებმა განიხილეს უკრაინაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრებზე და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მიმდინარე მასშტაბური მობილიზების გამო.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო მდივანმა საუბრისას ასევე განიხილეს ავღანეთის, ირანისა და ეთიოპიის საკითხები. ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე.