ენტონი ბლინკენი - რუსეთის ძალები უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ. ამის შესახებ ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბის შექმნის გეგმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეს გეგმა შესაძლოა, შეიცავდეს „ქიმიური იარაღის გამოყენებით ყალბ ან რეალურ თავდასხმას“. მისი თქმით, „რუსეთმა შესაძლოა, აღწეროს ეს მოვლენა, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი“.
„რუსეთი გეგმავს, შექმნას საბაბი თავისი თავდასხმისთვის. ეს შესაძლოა, იყოს ძალადობრივი მოვლენა, რომელშიც რუსეთი უკრაინას დაადანაშაულებს ან აღმაშფოთებელი ბრალდება, რომელსაც რუსეთი უკრაინის მთავრობას წაუყენებს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა ფორმას მიიღებს ეს. ეს შესაძლოა, იყოს გაყალბებული ე.წ. ტერორისტული აფეთქება რუსეთის ტერიტორიაზე, მასობრივი საფლავის გამოგონილი აღმოჩენა, სამოქალაქო პირების წინააღმდეგ დრონით ინსცენირებული დარტყმა, ან ქიმიური იარაღის ყალბი შესაძლოა, რეალური გამოყენება. რუსეთმა ეს მოვლენა შეიძლება, აღწეროს, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, რუსული მედია უკვე ავრცელებს ამ ყალბ ინფორმაციას, რათა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს და შექმნას საფუძველი ომის გასამართლებლად.
„ამის შემდგომ იგეგმება თავდასხმის დაწყება. რუსული რაკეტები და ბომბები ჩამოვარდება უკრაინაში. კომუნიკაცია შეფერხდება. კიბერთავდასხმების შედეგად, დაიხურება უკრაინის ძირითადი ინსტიტუტები. ამის შემდეგ, რუსული ტანკები და სამხედროები შეუტევენ ძირითად სამიზნეებს, რომლებიც მათ უკვე განსაზღვრული და მონიშნული აქვთ დეტალურ გეგმებში. ჩვენ გვჯერა, რომ ამ სამიზნეებს შორის არის უკრაინის დედაქალაქი კიევი, ქალაქი 2,8 მილიონი მოსახლით“, – აღნიშნა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ცნობით, უკრაინის გარშემო რუსეთს მობილიზებული ჰყავს 150 000-მდე სამხედრო. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ვაშინგტონი ვერ ხედავს, რომ რუსეთს მართლა გაჰყავს ძალები უკრაინის საზღვრიდან, როგორც ამის შესახებ მოსკოვში აცხადებენ.
„თუ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში, ჩვენ გაგვიხარდება, რომ რუსეთმა შეიცვალა კურსი და დაადასტურა, რომ ჩვენი პროგნოზები მცდარია. ეს იქნება ბევრად კარგი შედეგი, ვიდრე ის კურსი, რომელზეც ახლა ვიმყოფებით. და ჩვენ სიხარულით მივიღებთ ნებისმიერ კრიტიკას ჩვენი მისამართით. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს იქნება არჩევანის ომი. და თუ რუსეთი გააკეთებს ამ არჩევანს, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენი პასუხი იქნება მკვეთრი და მტკიცე. არის კიდევ ერთი არჩევანი, რომლის გაკეთებაც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია, თუ მის განცხადებებში, რომ ის ერთგულია დიპლომატიის, სიმართლის მარცვალი მაინც არის. დიპლომატია არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა ამ კრიზისის მოსაგვარებლად. მისი განუყოფელი ნაწილი მინსკის შეთანხმებების შესრულებაა“, – განაცხადა ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეებს მოუწოდა, მთელი ძალისხმევა მიმართონ დიპლომატიის წარმატებისკენ.
„რუსეთის მთავრობას დღეს შეუძლია, გამოაცხადოს ყოველგვარი დათქმის, ორაზროვნების ან თავის არიდების გარეშე – რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში. განუცხადეთ ეს მსოფლიოს პირდაპირ. შემდეგ კი აჩვენეთ ეს თქვენი სამხედრო დანაყოფების, ტანკების, თვითმფრინავების უკან, ყაზარმებსა და ანგრებში, ხოლო თქვენი დიპლომატების მოლაპარაკებების მაგიდასთან გაგზავნით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმას კატეგორიულად უარყოფს და დასავლეთს მის წინააღმდეგ ისტერიაში ადანაშაულებს.