ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ნიუ იორკში, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მან ორივე მხარეს გარდაცვლილების გამო მიუსამძიმრა და ხაზი გაუსვა საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის აუცილებლობას.
ენტონი ბლინკენმა მხარეებს მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ ერთი შეხვედრისკენ მოუწოდა.
როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა გამოთქვეს მშვიდობის სურვილი. ბლინკენმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის.
„ორივემ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც და პრეზიდენტმა ალიევმაც მითხრეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ არის გზა მყარი მშვიდობისკენ, რომელიც უთანხმოებებს დიპლომატიური გზით აგვარებს. აშშ მზად არის, გააკეთოს, რაც შეუძლია ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად და მე მადლობელი ვარ ორივე კოლეგის, რომ იმყოფებიან დღეს აქ, ამ მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ბლინკენმა.
აღსანიშნავია, რომ ნიუ იორკში გამართულ შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.