ენტონი ბლინკენი - ნატო-ს არ აქვს აგრესიული განზრახვა რუსეთისადმი, ჩვენი ნაბიჯები მიმართულია ალიანსის წევრების დასაცავად და პარტნიორების დასახმარებლად, თავი დაიცვან აგრესიისგან
ნატო თავდაცვითი ალიანსია, არ გვაქვს აგრესიული განზრახვა რუსეთის მიმართ, ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიმართულია ალიანსის წევრების დასაცავად და პარტნიორების დასახმარებლად, თავი დაიცვან აგრესიისგან, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რიგაში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ.
ბლინკენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომ „რუსეთს სჭირდება იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავს ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას“.
„ვნახე განცხადება, რომელზეც საუბრობთ და გულწრფელად გითხრათ, ეს დამაბნეველია, რადგან იდეა, რომ უკრაინა წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, იქნებოდა ცუდი ხუმრობა, ვითარება ასეთი სერიოზული რომ არ ყოფილიყო.
თავად ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ წარმოვადგენთ საფრთხეს რუსეთისთვის, ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვა რუსეთის მიმართ.
ჩვენი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გვქონდეს ეფექტიანი თავდაცვითი ზომები ალიანსის წევრების დასაცავად და ასევე, ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად, რომ მათ ჰქონდეთ თავდაცვითი საშუალებები; რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა აგრესიის წინაშე.
ეს არის ალიანსის მიზანი. იდეა, რომ უკრაინა წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის ან რომ ნატო წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, არის ღრმად არასწორი და შეცდომაში შემყვანი“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.