ენტონი ბლინკენი მარცვლეულის შეთანხმების სასწრაფოდ აღდგენას ითხოვს
ენტონი ბლინკენი მარცვლეულის შეთანხმების სასწრაფოდ აღდგენას ითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მარცვლეულის შეთანხმების სასწრაფოდ აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„რუსეთის გადაწყვეტილება, არ გაახანგრძლივოს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, არის არაკეთილსინდისიერი“, – განაცხადა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს რუსეთს, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს შეთანხმება.

„უკვე ვხედავთ, რომ ბაზარი რეაგირებს ამაზე, რადგან ფასები იზრდება. მთავარია, რომ ეს არაკეთილსინდისიერია. ეს არ უნდა მოხდეს. შეთანხმება უნდა აღდგეს რაც შეიძლება სწრაფად. იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა ამას ყურადღებით ადევნებს თვალს. ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი თქვა საკვებზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ და ხელი შეუწყო ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა განიცდის ძალიან მძიმე ინფლაციას“, – განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა აკვირდება სიტუაციას ოკუპირებული ყირიმის სამხრეთ რუსეთთან დამაკავშირებელ ხიდზე ღამით მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.