ენტონი ბლინკენი - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ჯარების გაგზავნას მხარს არ უჭერს
ენტონი ბლინკენი - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ჯარების გაგზავნას მხარს არ უჭერს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში უცხოური ჯარების გაგზავნას მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ელსიაისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა ცხადია, რომლის თანახმად, უკრაინაში ამერიკელი სამხედროები არ გაიგზავნებიან.

ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ემხრობა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჯარების გაგზავნას, ენტონი ბლინკენმა უპასუხა, რომ ეს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს, რაც მოკავშირეების ინტერესებში არ შედის.

„ამავდროულად, არსებობს გადაწყვეტილება, რწმენა, რომ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად და ეს გავაკეთოთ არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალ წლებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ეროვნულ დონეზე და ალიანსის დონეზეც.