ენდი როდიკი - სულელი ვიყავი, ფედერერის მოწოდების გასაგებად 12 წელი დამჭირდა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი როდიკმა გაამხილა, რომ შვეიცარიელი როჯერ ფედერერის მოწოდების საიდუმლოს ამოსახსნელად 12 წელი დასჭირდა.
„ხანდახან, ჩვენი მატჩები დეპრესიაში მაგდებდა. მისი მეორე მოწოდების დროს, ხშირად მარჯვნივ ჩარბენას ვცდილობდი, მაგრამ ვერასდროს ვირჩევდი სწორ მომენტს. ის ამით სარგებლობდა და მოჭრილ დარტყმას ასრულებდა. შესაძლოა, ცოტა ადრე ვიწყებდი მოძრაობას, ვიდრე საჭირო იყო. ის ამით 12 წელი სარგებლობდა.
მაგრამ შემდეგ, ვიღაცამ მომიყვა ამის შესახებ და მე დავიწყე მეორე მოწოდების აღება. ერთხელ, მაიამის „მასტერსზე“ ზედიზედ სამჯერ თუ ოთხჯერ მოვიგე მისი გეიმი. ძალიან ცუდად ვთამაშობდი, მაგრამ გავიმარჯვე. მაშინ მან მითხრა: „ახლა უკვე შენც მიხვდი“. სულელი ვიყავი, რომელსაც ამის გასაგებად 12 წელი დასჭირდა“, – მოჰყავს როდიკის სიტყვები „ტენის ჩენელს“.
ამერიკელმა იგულისხმა 2012 წელს, მაიამის „მასტერსის“ 1/16 ფინალში ჩატარებული მატჩი, რომელიც სამ სეტში მოიგო. ეს იყო ამ ორი ჩოგბურთელის ბოლო დაპირისპირება პროფესიულ ტურში. მათი პირველი მატჩი 2001 წელს გაიმართა, ჯამში ისინი 24-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ფედერერმა 21 მატჩი მოიგო, მათ შორის, შვიდიდან შვიდი ფინალი.