ენდი მარეი ბრძოლას გამოეთიშა - აშშ-ის ღიას მესამე დღე (კაცები)
ენდი მარეი ბრძოლას გამოეთიშა - აშშ-ის ღიას მესამე დღე (კაცები)

აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო. კაცების ტურნირზე მესამე სათამაშო დღემ ყოველგვარი სენსაციის გარეშე ჩაიარა.

შესანიშნავ ფორმაშია მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფა ნადალი, რომელმაც ძალიან იოლად მოუგო კანადელ ვასეკ პოსპიშილს – 6:3, 6:4, 6:2. ესპანელს ბოლო 25 მატჩში 24 მოგება აქვს, მთლიანად სეზონში კი 42 მატჩი მოიგო და სამჯერ დამარცხდა. გარდა ამისა, რაფამ აშშ-ის ღიაზე თავისი მოგებათა სერია ცხრა მატჩამდე აიყვანა.

„დიდი ოთხეულის“ ერთი წევრი – ენდი მარეი გამოეთიშა ტურნირს, თუმცა, ამას არ შეიძლება სენსაცია ვუწოდოთ, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ბრიტანელი შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. მან ერთი სეტი აართვა ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს – 5:7, 6:2, 4:6, 4:6.

ვერდასკოსთვის მარეი ყოველთვის უხერხული მეტოქე იყო – ესპანელი ურთიერთშეხვედრებში 2:13-ს აგებს და პირველად მოუგო ენდის 2009 წლის შემდეგ. ამაში მას 52 „ვინერსი“ დაეხმარა.

ვერდასკოს მეტოქე მესამე წრეში ერთ-ერთი ფავორიტი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება, რომელსაც არ შექმნია პრობლემები დენის კუდლას წინააღმდეგ. არგენტინელმა საათსა და 56 წუთში სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:1, 7:6(4). დელ პოტრო კარგი იყო საკუთარ მოწოდებაზე – 20 ეისი ჩააწოდა. გარდა ამისა, მიღებაზეც შესანიშნავად გამოიყურება – ტურნირის პირველ ორ მატჩში ბრეიკპოინტების რეალიზაციის თითქმის 50 პროცენტი აქვს – 23-დან 11 ბრეიკპოინტი გამოიყენა.

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა აშშ-ის ღიაზე მეოთხედ ითამაშა ხუთსეტიანი მატჩი და მესამედ მოიგო. მან სამი საათი და 34 წუთი მოანდომა ამერიკელი სტივ ჯონსონის დამარცხებას – 6:7(5), 6:3, 5:7, 6:4, 6:4. ავსტრიელს 67 „ვინერსი“ ჰქონდა, აგრეთვე, ბადესთან 53-ჯერ გავიდა და 41 ქულა აიღო.

მარეისგან განსხვავებით, დაბრუნების შემდეგ შესანიშნავად გამოიყურება სტენ ვავრინკა. 2016 წლის ჩემპიონმა პირველ წრეში ძალიან იოლად მოუგო გრიგორ დიმიტროვს, მეორეში კი 20 წლის ფრანგს უგო უმბერს მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო – 7:6(5), 4:6, 6:3, 7:5. შვეიცარიელს შეეძლო, მეორე სეტიც არ წაეგო, მაგრამ ბრეიკიანი უპირატესობა გაფლანგა. სხვათა შორის, ნადალის მსგავსად, ვავრინკასაც აშშ-ის ღიაზე ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს (2017 წელს არ უთამაშია).

ვავრინკას გაცილებით სერიოზული მეტოქე ეყოლება მესამე წრეში – კანადელი მილოშ რაონიჩი, რომელმაც 6:3, 6:4, 6:4 მოუგო ფრანგ ჟილ სიმონს. ჩრდილოამერიკელმა 17 ეისის ჩაწოდება მოახერხა. ვავრინკასა და რაონიჩის ურთიერთშეხვედრებში წინ შვეიცარიელია – 4:1.

ზედიზედ მეათედ გავიდა აშშ-ის ღიას მესამე წრეში ამერიკელი ჯონ ისნერი. მან 72 „ვინერსი“ და 38 ეისი დააგროვა ჩილელ ნიკოლას ხარისთან ხუთსეტიან მარათონში – 6:7(7), 6:4, 3:6, 7:6(2), 6:4. შეხვედრა სამ საათსა და 42 წუთს გრძელდებოდა.

კაცები
II წრე
ნადალი (ესპ, 1)-პოსპიშილი (კან) 6:3, 6:4, 6:2
დელ პოტრო (არგ, 3)-კუდლა (აშშ) 6:3, 6:1, 7:6(4)
ანდერსონი (ს. აფრ, 5)-შარდი (საფ) 6:2, 6:4, 6:4
ტიმი (ავსტრია, 9)-ჯონსონი (აშშ) 6:7(5), 6:3, 5:7, 6:4, 6:1
ისნერი (აშშ, 11)-ხარი (ჩილ) 6:7(7), 6:4, 3:6, 7:6(2), 6:4
მედვედევი (რუს)-ციციპასი (საბ, 15) 6:4, 6:3, 4:6, 6:3
ბასილაშვილი (საქ)-სოკი (აშშ, 18) 4:6, 6:3, 6:2, 7:6(3)
ჩორიჩი (ხორ, 20)-კარბალიესი (ესპ) 7:6(4), 6:2, 6:3
რაონიჩი (კან, 25)-სიმონი (საფ) 6:3, 6:4, 6:4
ხაჩანოვი (რუს, 27)-სონეგო (იტა) 7:5, 6:3, 6:3
შაპოვალოვი (კან, 28)-სეპი (იტა) 6:4, 4:6, 5:7, 7:6(2), 6:4
ვერდასკო (ესპ, 31)-მარეი (ბრიტ) 7:5, 2:6, 6:4, 6:4
პეია (არგ)-ლორენცი (იტა) 7:5, 6:0, 6:2
ფრიტცი (აშშ)-კუბლერი (ავსტრა) 6:3, 3:6, 6:3
ლაიოვიჩი (სერ)-ნორი (ბრიტ) 6:2, 2:6, 6:4, 6:4
ვავრინკა (შვეიც)-უმბერტი (საფ) 7:6(5), 4:6, 6:3, 7:5