კარლოს ალკარასი აშშ-ის ღიას ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
კარლოს ალკარასი აშშ-ის ღიას ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. მან სამ საათსა და 32 წუთში ოთხ სეტში მოუგო ფინალური მატჩი ნორვეგიელ კრისტიან რუუდს – 6:4, 2:6, 7:6(1), 6:3.

პირველ სეტში ალკარასს სამი ბრეიკპოინტის მოგერიება მოუწია, თავად კი ოთხი ბრეიკპოინტიდან ერთი გამოიყენა და სეტებში დაწინაურდა.

მეორე სეტში ესპანელი ორჯერ მივიდა ბრეიკპოინტამდე, მაგრამ ორივე შანსი გაანიავა, რუუდმა კი 2:2-ზე ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე პარტიაში ალკარასმა სტარტზევე აიღო ბრეიკი, თუმცა რუუდმა მეოთხე გეიმში უკუბრეიკის შესრულება შეძლო. ნორვეგიელი ახლოს იყო სეტის მოგებასთან, როცა მარათონულ მე-12 გეიმში ორი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ესპანელმა ორივე საფრთხე მოიგერია და შემდეგ ერთი ქულა მისცა მეტოქეს ტაიბრეიკში.

მეოთხე სეტში ალკარასი უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. თავის გეიმებში მან მხოლოდ რვა ქულა წააგო, მეექვსე გეიმში ერთადერთი ბრეიკი მოიპოვა და კარიერაში პირველად მოიგო „დიდი სლემის“ ტურნირი.