ემზარ კვიციანი პრემიერს - მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით
ემზარ კვიციანი პრემიერს - მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით

ჩვენი თანდასწრებით, საზოგადოებასთან საუბარი ბოდიშით დაიწყეთ, რომ აღელდით, ამის გამო არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, – ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც მთავრობის შემადგენლობასთან ერთად ფრაქციის კითხვებს პასუხობს.

ემზარ კვიციანი გამოეხმაურა გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც პრემიერმა პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„ცოტა ხნის წინ, ზოგადად იყო ლაპარაკი სამართლიანობის აღდგენაზე. ბოლოს ერთი წლის უკან რომ შეგხვდით ქუთაისში, პარლამენტში, ამაზე იყო ლაპარაკი და დღეს, ფაქტობრივად, არანაირი სერიოზული ნაბიჯი არ არის წინ გადადგმული.

ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემი და გაამართლეს, როგორც ეკუთვნოდა და ამაზე მადლობა ერთი ორჯერ მოხდილი მაქვს, მაგრამ მარტო ჩემი და არ იყო იმ ადამიანების მიერ გაწამებული, დღეს აქ თავზე რომ გედგნენ და თავხედობდნენ.

​თქვენ დღეს ჩვენი თანდასწრებით, საზოგადოებასთან ლაპარაკი ბოდიშით დაიწყეთ, რომ აღელდით, ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება უფრო ის ეწყინა, რომ დროზე არ აღელდით, ისე არიან გათავხედებულები. ეს არის ყველაფერი იმ კოჰაბიტაციის შედეგი, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე სრულიად საქართველოს. თითქოს ხელისუფლება ვიღაცას ქეჩოთი უჭირავს და აცემინებენ ამ ნაციონალებს, რომლებმაც ქართველების სისხლი ცხრა წელიწადს სვეს და ახლა კიდევ აგრძელებენ, ეს იყო დღეს. ახლა რომ ვუყურებდი ტელევიზორს, არ ვიცი, ამის ატანა თუ შეიძლება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.