ემანუელ მაკრონი ლონდონს მოუწოდებს, ბრექსიტთან დაკავშირებულ ვითარებაზე განმარტებები გააკეთოს
ემანუელ მაკრონი ლონდონს მოუწოდებს, ბრექსიტთან დაკავშირებულ ვითარებაზე განმარტებები გააკეთოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლონდონს მოუწოდებს, ტერეზა მეის გადადგომის საკითხის შემდეგ, ბრექსიტთან დაკავშირებულ ვითარებაზე განმარტებები გააკეთოს, – ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.

„ტერეზა მეიმ დიდი სამუშაო შეასრულა ბრექსიტის განხორციელებისთვის თავისი ქვეყნის ინტერესებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“, –  განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან ტერეზა მეის მხარდაჭერისა და მადლობის პირადი შეტყობინებაც გაუგზავნა.

ემანუელ მაკრონის თქმით, გადადგომის შესახებ ტერეზა მეის განცხადებამ ბრიტანელ პოლიტიკოსებს უნდა შეახსენოს, რომ ბრექსიტის შეთანხმების პროექტზე ნეგატიური გადაწყვეტილება ალტერნატიული გეგმის გარეშე მდგომარეობას ჩიხში შეიყვანს.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ, საფრანგეთი მზად არის, მასთან მუშაობისთვის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს მმართველი კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს.