ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა კონსერვატიული კომიტეტის ხელმძღვანელ გრაჰამ ბრედისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ტერეზა მეის განმარტებით, თანამდებობას 7 ივნისს დატოვებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.

ტერეზა მეის განმარტებით, 2016 წლის რეფერენდუმის დროს მოსახლეობამ არჩევანი გააკეთა, რის შემდეგაც მათი მოვალეობა ამ არჩევანის შესრულება იყო, თუმცა მან პრემიერ-მინისტრის რანგში ეს ვერ მოახერხა და სამჯერ დამარცხდა. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ახლა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა მიაღწიოს წარმატებას.

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2016 წელს გამართული რეფერენდუმის შემდეგ დაიკავა. საყოველთაო გამოკითხვის დროს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრე პრემიერ-მინისტრმა, დევიდ ქემერონმა თანამდებობა დატოვა.

პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში ტერეზა მეი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა ლონდონსა და ბრიუსელს შორის მიღწეულ შეთანხმებას დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეწინააღმდეგებიან. ისინი დოკუმენტში არსებული რამდენიმე პუნქტის შეცვლას ითხოვენ. ბრიუსელში კი, 2018 წლის ნოემბერში მიღწეული შეთანხმების გადახედვაზე უარს აცხადებენ.

დატოვე კომენტარი