ემანუელ მაკრონი - გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს, პსჟ-მა რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს
ემანუელ მაკრონი - გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს, პსჟ-მა რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს

პსჟ-მა გუშინ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში განაცხადა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორ პსჟ-ს უმასპინძლა.

„ყოველ შემთხვევაში, „ეს არის პარიზი“ (პსჟ-ის სლოგანი) და მე მინდა, დავამატო – ეს ნამდვილად არის პარიზი. გუშინ მოედანზე ყველაფერი ბრწყინვალე იყო, ყველამ ვიგრძენით ეს. მართალია, რომ ჩვენმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ნაკლები სამუშაო გასწია, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ყველაზე მთავარი გუნდურობა იყო. ამ მატჩში ყველაზე ბრწყინვალე ის იყო, 4:0 რომ დაწინაურდნენ, მეტოქეს ამოსუნთქვის შესაძლებლობას მაინც არ აძლევდნენ. ამ გუნდმა გუშინ რაღაც განსაკუთრებული აჩვენა – მაღალი სტანდარტების ნაყოფი.

მადლობა ყველა მოთამაშეს, ყველა ხელმძღვანელს, ყველა თანამშრომელს. პსჟ-ის თავგადასავალი იყო, ახლაც არის და დარჩება. დარჩება, რადგან ეს ისეთი კლუბია, როცა კარგავს, ბევრს კარგავს, მაგრამ როცა იგებს, ბევრს იგებს. პსჟ არაფერს აკეთებს ნახევრად და ამით იგი ძალიან ფრანგულია“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონი ასევე გამოეხმაურა ბოლო საათების განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს.

„არაფერი ამართლებს იმას, რაც ბოლო საათებში მოხდა დედაქალაქსა და ქვეყანაში. არაფერი. ძალადობრივი შეტაკებები, რომლებიც მოხდა, მიუღებელია, სერიოზული შედეგებით – ორი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 30 პოლიციელი და რამდენიმე მეხანძრე დაშავდა. ჩემი ფიქრები იმ პოლიციელთანაა, რომელიც ამ წუთში კომაშია. ჩემი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომლებმაც, სიხარულის ნაცვლად, ტრაგედია გადაიტანეს. მთავრობის პასუხი ამ სიტუაციის შესაფერისი იქნება: დავსჯით და მკაცრნი ვიქნებით. ეს არ არის ფეხბურთი. გაუმარჯოს პსჟ-ს, გაუმარჯოს რესპუბლიკას და გაუმარჯოს საფრანგეთს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ელისეს სასახლეში გამართულ მიღებაზე, სხვა ფეხბურთელებსა და მწვრთნელებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაც იმყოფებოდა.