ემანუელ მაკრონი ღირსეულს უწოდებს ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას, ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ დააყენოს კანდიდატურა კანცლერის პოსტზე
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღირსეულს უწოდებს ანგელა მერკელის გადაწყვეტილებას, დატოვოს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობა და 2021 წელს, მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ, აღარ დააყენოს თავისი კანდიდატურა კანცლერის პოსტზე.
როგორც ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან მერკელს თავისი „აღტაცებისა და მეგობრობის გამოსახატად“ დაურეკა.
მაკრონის თქმით, ბოლო წლებში მერკელმა შეძლო, ფინანსურ და მიგრაციულ კრიზისს ისე გამკლავებოდა, რომ ევროპული ღირებულებები არ დავიწყებოდა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიასა და საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება მას აშფოთებს და ამავე დროს, მოტივაციას მატებს.
შეგახსენებთ, ანგელა მერკელმა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შესახებ 29 ოქტომბერს, მას შემდეგ განაცხადა, რაც ჰესენის ადგილობრივ არჩევნებზე მისმა კონსერვატიულმა კავშირმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მერკელმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე ვადის ამოწურვის შემდეგ, კანცლერის პოსტზე თავს კანდიდატურას აღარ დააყენებს. მისი თქმით, 2021 წელს არჩევნებზე ის არც ბუნდესტაგის წევრად იყრის კენჭს.
„მეოთხე ვადა ჩემი უკანასკნელი კანცლერობაა. 2021 წლის ფედერალურ არჩევნებზე მე არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არც კანცლერის, არც ბუნდესტაგის წევრის პოსტზე, აღარ ვიყრი კენჭს რაიმე პოლიტიკური ოფისისთვის“, – განაცხადა მერკელმა.
ახალ თავმჯდომარეს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ დეკემბრის დასაწყისში ჰამბურგში დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევს.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის პოსტს 2005 წლიდან, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარის თანამდებობას კი 2000 წლიდან იკავებს.