ემანუელ მაკრონი - ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის
ემანუელ მაკრონი - ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის

ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას.

საფრანგეთის ლიდერი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების პატივისცემის საკითხი არასდროს გადაიხედება.

„ალექსეი ნავალნის განაჩენი მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასდროსაა დანაშაული. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატიმრობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს. ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.