ელმარ ბროკი - შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ვისურვებდი, თავიდან აგვეცილებინა
ელმარ ბროკი - შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ვისურვებდი, თავიდან აგვეცილებინა

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტარი ელმარ ბროკი აცხადებს, რომ საქართველოსთვის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ ისურვებდა, ის თავიდან იყოს აცილებული. ამის შესახებ მან ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში განუცხადა, სადაც კონფერენციას ესწრება.

ევროპარლამენტარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება უნდა მოხდეს.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, უდანაშაულო ხალხი დაისჯება.

ვისურვებდი, რომ ვიზალიბერალიზაცია შენარჩუნდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს, გერმანიისა და ევროპულმა მთავრობებმა უნდა მოძებნონ გზა იმისთვის, რომ თუ თავშესაფრის ძალიან ბევრი მაძიებელი იქნება, მათი უკან დაბრუნება მოხდეს.

ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაამტკიცებს, რომ არის ქვეყანა, სადაც კანონი უზენაესობა დაცულია“, – განაცხადა ელმარ ბროკმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „საქა0რთველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას“.