ელიზაბეთ რუდი - აშშ ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას
ელიზაბეთ რუდი - აშშ ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებას

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ტელეკომპანია „იბერია“-სთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, „იბერიას“ შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს.

„გეტყვით იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს თავისუფალი მედიის განვითარებას საქართველოში. რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მიმდინარეობს გარკვეული გამოძიება“, – განაცხადა რუდმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება. თანხის გადაუხდელობის გამო კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.

ამასთან, გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ჩანაწერებში კომპანიის წილების გადანაწილების შესახებ არის საუბარი. პირველად გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.