ელენე ხოშტარია - შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ [ვიდეო]

თქვენი კითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია, არასდროს გვეშინოდა, რადგან ლოგიკურად საკმაოდ სუსტად მსჯელობთ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ოპოზიციის წარმომადგენლების რეპლიკას პარლამენტის სხდომაზე.

საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში რეპლიკები ხორავას ქუჩისა და ზაზა სარალიძის შესახებ ირაკლი აბესაძის კითხვაზე გახარიას პასუხს მოჰყვა.

გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძების შესახებ საპარლამენტო უმცირესობას შინაარსობრივი საუბარი შესთავაზა.

„როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. შეგიძლიათ, გააგრძელოთ, მე გთავაზობთ შინაარსობრივ საუბარს, სად წახვალთ ამ ფსევდოინტელექტუალური უმიზნო და აბსულუტურად უაზრო დებატებით. გთავაზობთ ერთ რამეს, შინაარსობრივ კონტექტსში არანაირი პრობლემა არ გვაქვს. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ გვეშინია, არასოდეს გვეშინოდა, რადგან ლოგიკურად საკმაოდ სუსტად მსჯელობთ. ის, რაც თქვენ გააკეთეთ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ პარლამენტისა და საქმისთვის უდიდესი წარუმატებლობა იყო“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის ამ განცხადებას დარბაზიდან დეპუტატ ელენე ხოშტარიას პასუხი მოჰყვა, რომელმაც მინისტრს ჰკითხა, სად არის დავით სარალიძის მკვლელი და რას პასუხობს ზაზა სარალიძეს, რომელიც პარლამენტის დარბაზში იმყოფება.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ. საერთოდ შინაარსი ვერ გამოვიტანე, რას ლაპარაკობთ. ან მკვლელი სად არის, ან რას აპირებთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.