გიორგი გახარია ოპოზიციას - თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ხორავას ქუჩის საქმე დასრულდეს
გიორგი გახარია ოპოზიციას - თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ხორავას ქუჩის საქმე დასრულდეს

ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ირაკლი აბესაძის კითხვას.

აბესაძის კითხვას, ეთანხმება თუ არა გახარია ბიძინა ივანიშვილს, რომ ზაზა სარალიძის ქმედებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული, შს მინისტრმა “გამჭრიახი და ჩამჭრელი კითხვა” უწოდა.

„რეალურად, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ. ახლა ამოატრიალეთ ეს ყველაფერი დაზუსტების დროსაც, როგორც გინდათ. ფაქტი შემდეგშია, როგორც წინაზე გითხრათ, თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია, მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად, მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს“, – მიმართა ოპოზიციას გახარიამ.

მისი თქმით, სწორედ ისინი იყენებენ ამას პოლიტიკურად.

„თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და არავინ სხვა. არავინ და არც ერთ შემთხვევაში, თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს, უბრალოდ ვერ იქნებით და ეს თუ არ გესმით, საერთოდ აზრი არ აქვს ამ საუბარს, თქვენ თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია ეს იყო უბრალოდ ტრაგედია, არამარტო ერთი ადამიანის და არამარტო იმ ხალხის, რომლებიც ამ კომისაზე ისხდნენ, არამედ თქვენი. ამის შემდეგ ეს პასუხისმგებლობა როგორი იქნება საერთო ჩვენი ყველას, ნახავთ. მე გპირდებით ამას პირადად“, – განაცხადა გახარიამ.