ელენე ხოშტარია - ჩვენს ხელისუფლებას ძალაუფლების ყველა ბერკეტი ეჭირა, თუმცა არაფერი გაუვიდა, როცა ხალხის წინააღმდეგ წავიდა
ელენე ხოშტარია - ჩვენს ხელისუფლებას ძალაუფლების ყველა ბერკეტი ეჭირა, თუმცა არაფერი გაუვიდა, როცა ხალხის წინააღმდეგ წავიდა

ჩვენს ხელისუფლებას ძალაუფლების ყველა ბერკეტი ეჭირა, თუმცა არაფერი გაუვიდა, როცა ხალხის წინააღმდეგ წავიდა, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარია ვარაუდობს, რომ ზუსტად ისეთივე პროტესტის კედელი აღიმართება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, როგორი პროტესტითაც ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება გაისტუმრა.

„ძალაუფლების ყველა ბერკეტი ეჭირა ჩვენს ხელისუფლებას ვითომ ხელში, იყო განცდა – ესეც გამივა, ისიც გამივა. არც არაფერი გაუვიდა, როდესაც ხალხის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეულებრივ, სასამართლოს კონტროლიც იყო, მედიის და ყველაფრის, მაგრამ ჩვეულებრივ გაისტუმრა ჩვენი ხელისუფლება სახლში ხალხმა, როდესაც პროტესტის კედელი აღმართა . ზუსტად ასეთი პროტესტის კედელი აღიმართება ახლა თქვენ წინააღმდეგ. მე თქვენს ძალაუფლებაზე კი არ ვნერვიულობ, ზუსტად ვხედავ იმ პოლიტიკურ ფასს, რომელსაც გადაიხდით ამ უმსგავსობაში, როგორც მიდის პროცესი და რისი გაკეთებაც გინდათ“, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ელენე ხოშტარიამ.

თუმცა, მისი თქმით, არ სურს, ქვეყანას ეს წლები დაუჯდეს.

„არ მინდა, კიდევ წლები დაუჯდეს ჩემს ქვეყანას, როგორც დაუჯდა ყველა ჩვენი წინამორბედის შეცდომები, გამსახურდიადან დაწყებული, წლები უჯდება. ადამიანის სიცოცხლე უჯდება, ჯანმრთელობა უჯდება, უპერსპექტივობა უჯდება. აღარ მინდა, რომ ეს მოხდეს უვადოდ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ უჭერს მხარს„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, რომელიც ცხრა დეპუტატმა მოამზადა და 2025 წლამდე რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი