ელდარ პირმისაშვილი - შესაძლოა, კონკრეტულ ჯგუფებს არ აწყობდეთ საქართველოს პირველი არხის მაღალი რეიტინგი და აწყობდეთ მისი დისკრედიტაცია
ელდარ პირმისაშვილი - შესაძლოა, კონკრეტულ ჯგუფებს არ აწყობდეთ საქართველოს პირველი არხის მაღალი რეიტინგი და აწყობდეთ მისი დისკრედიტაცია

საარჩევნო პერიოდი მოდის, შესაძლოა, კონკრეტულ ჯგუფებს არ აწყობდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი რეიტინგი და აწყობდეთ მისი დისკრედიტაცია“, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტმა, ელდარ პირმისაშვილმა განუცხადა.

საქართველოს პირველ არხი პირსიმაშვილს „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევასთან დაკავშირებით ესაუბრა.

კითხვაზე, რატომ განათავსა და მოიხსენია ერთსა და იმავე კვლევაში, კვლევის დასაწყისში კი, ერთსა და იმავე გრაფიკაში „მედიის განვითარების ფონდმა“ საქართველოს პირველი არხი და ძირითადი პროპაგანდისტული რუსული მედიასაშუალებები, პირსიმაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ამას ორი მიზანი ჰქონდეს: პირველი – პრევენციული ხასიათის ან მეორე –  კონკურენტულ გარემოში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კონკრეტული აზრის ფორმირება.

„თქვენ გაქვთ კონკრეტული ნიშა, მაგრამ მაინც კონკურენტულ გარემოში ხართ. შესაბამისად, რაც მეტად იზრდება თქვენი რეიტინგი, იზრდება კონკურენციაც და სხვა ადამიანების დამოკიდებულებაც იცვლება. ასე რომ, შეიძლება, მეორე მიზანი იყოს ის, რომ საარჩევნო პერიოდი მოდის და რაღაც კონკრეტულ ჯგუფებს არ აწყობდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალი რეიტინგი და აწყობდეთ მისი დისკრედიტაცია“, – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.