ეკვადორში აცხადებენ, რომ ჟულიან ასანჟთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება მათ პასუხისმგებლობაში არ შედის
ეკვადორი ჟულიან ასანჟთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან რაიმე ზომის მიღებას არ აპირებს, – ამის შესახებ ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ვალენსიამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ხოსე ვალენსიას თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ზომების მიღება ეკვადორის პასუხისმგებლობაში არ შედის. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსთან ინტერვიუს დროს დიპლომატმა დაამატა, რომ ეკვადორელები ჟულიან ასანჟის ან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების პირადი ადვოკატები არ არიან.
„ეს პირდაპირი ურთიერთობაა, რომელიც ჟულიან ასანჟსა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას შორის არსებობს“, – განაცხადა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, მისი ქვეყნის ერთადერთი პასუხისმგებლობა ჟულიან ასანჟის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაა.
ამასთან, ხოსე ვალენსიამ განაცხადა, რომ რეგლამენტის დაწესებასთან დაკავშირებით გამოწვეული ასანჟის რეაქციით ეკვადორი იმედგაცრუებულია.
ცოტა ხნის წინ, ლონდონში არსებული ეკვადორის საელჩოს ხელმძღვანელობამ ჟულიან ასანჟს ქცევისა და ურთიერთობის რეგლამენტი დაუწესა, რომელიც საელჩოს ტერიტორიაზე ვიზიტების, გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და სამედიცინო მომსახურების განრიგის რეგულირებას ითვალისწინებს. ახალი წესები ძალაში 13 ოქტომბერს შევიდა.
ჟულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოს ახალი რეგლამენტით გარე სამყაროსთან ურთიერთობის შეზღუდვაში ადანაშაულებს. ამასთან, ინტერნეტპორტალ Wikileaks-ის დამაარსებელი აცხადებს, რომ ეკვადორის ხელისუფლება პოლიტიკური თავშესაფრის გაუქმებითაც ემუქრება და ეკვადორს სასამართლოში უჩივის.
ჟულიან ასანჟი ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოში 2012 წლის შემდეგ იმყოფება. შვედეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს.