ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავას მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში
ეკონომიკის სამინისტრო - ნათია თურნავას მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში

ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება.

„საქართველოს ვეტერანი ავიატორების სახელით პარლამენტარმა დავით ჭიჭინაძემ დღესაც გააგრძელა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელება. საკითხით დაინტერესებული საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში.

რაც შეეხება აღნიშნული ჯგუფის მიერ დღეს მედიაში გავრცელებულ წერილს ავიატორებისადმი, იგი ნამდვილად ეკუთვნის ქალბატონ ნათია თურნავას, მაგრამ დაწერილია 2004 და არა 2005 წელს, როგორც ამას აღნიშნავს დეპუტატი.

უფრო მეტიც, ხსენებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნათია თურნავა იმ დროსაც პრივატიზების პროცესის გამჭვირვალე და სამართლიანი გზით ჩატარების მომხრე იყო, თუმცა და თუ ეს ასე არ მოხდა, სამინისტროდან მისი წასვლის შემდეგ, ეს კითხვა ბატონმა დეპუტატმა ნათია თურნავას მისამართით არ უნდა დასვას“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი