დავით ჭიჭინაძე - როგორც ჩანს, ნათია თურნავას ისეთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტიც აღარ ახსოვს
დავით ჭიჭინაძე - როგორც ჩანს, ნათია თურნავას ისეთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტიც აღარ ახსოვს

მინისტრი თურნავა მორიგ ტყუილს ამბობს. როგორც ჩანს, მას იმდენი და ისეთი სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ საკუთარი ხელმოწერილი დოკუმენტიც კი აღარ ახსოვს! ან, არ აწყობს რომ ახსოვდეს. ამით კი, არა მარტო რიგითი ადამიანები, ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, „საქმე ეხება მოტყუებულ ვეტერან მფრინავებს და ავიატორებს“. ჭიჭინაძის ინფორმაციით, ისინი თურნავას ტყუილში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

„ნათია თურნავამ, 15 წლის წინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, თბილისის აეროპორტის აქციები ისე გადასცა ინვესტორებს, რომ მფრინავებისთვის და ავიატორებისთვის არათუ აქციების შეძენის უფლება, კომპენსაციაც კი არ მიუციათ. რის შედეგადაც ქვეყანა, ყოველწლიურად 400 მილიონს კარგავს, ვეტერანი მფრინავების ნაწილი კი მხოლოდ 22 ლარიან კომპენსაციაზე ცხოვრობს. თურნავას უწყების განცხადებით, თურმე „ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში“.

საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრებს კი, სხვა უამრავ საბუთთან ერთად, სწორედ ის წერილი აქვთ, რომელიც 2005 წლითაა დათარიღებული, რომელსაც პირადად ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა აწერს ხელს და სადაც წერია, რომ: „სს „თბილისის აეროპორტის“ აქციათა პაკეტის გამოტანილი იქნება საპრივატიზაციოდ და პროცესში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის ავიატორებსაც შეეძლებათ“. ასე რომ, როგორც ჩანს, მინისტრ თურნავას ახალი, კიდევ უფრო „სერიოზული“ გეგმები აქვს სამომავლოდ დაგეგმილი და იმიტომაც განიხილავს ამ საქმეს როგორც „არასერიოზულს“. თუმცა ჩვენ, მინისტრ თურნავას სასამართლოში სერიოზული განხილვას ვპირდებით“,- აცხადებს ჭიჭინაძე.