ეკონომიკის სამინისტრო - ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას „ნამახვანჰესის“ პროექტზე, რადგან ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე ჩატარდა
ეკონომიკის სამინისტრო - ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას „ნამახვანჰესის“ პროექტზე, რადგან ტენდერი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე ბევრად ადრე ჩატარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 18 ოქტომბერს „ნეტგაზეთში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ეხმაურება, სადაც საუბარია „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილზე.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის.

უწყებაში განმარტავენ, რომ პროექტის იდენტიფიცირების, ინიცირების, მომზადების, განხილვისა და მოწონების, ასევე ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის“ ძალაში შესვლის თარიღამდე.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პუბლიკაციაში გამოყოფილ რამდენიმე საკითხზე მეტი სიცხადე შეგვეტანა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაცემულ პასუხში მარტივად, შავით თეთრზე წერია, რომ „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონით გათვალისწინებული დასკვნა სამინისტროს გაცემული არ აქვს”.

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ აღნიშნული პასუხის შინაარსი და საფუძვლები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას ნამახვანი ჰესის პროექტზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ნორმების მიხედვით იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ტენდერი ჩატარდა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოში აღნიშნული კანონი ამოქმედდებოდა. „ნამახვანი ჰესის“ პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი შეირჩა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოკითხვის საფუძველზე და ინვესტორი გამარჯვებულად გამოცხადდა 2017 წლის 17 იანვარს. კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კი ძალაში შევიდა 2018 წლის 4 მაისს. ამავე დროს, „ნამახვანის“ ხელშეკრულება საქართველოს მთავრობამ მის ხელმოწერამდე განიხილა და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან მიმართებით, პროექტის იდენტიფიცირების, ინიცირების, მომზადების, განხილვისა და მოწონების, ასევე ინვესტორი კომპანიის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის“ ძალაში შესვლის თარიღამდე.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, ამავე კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და დაადგინა, რომ მოლაპარაკების მხარეებმა (იგულისხმება საქართველოს მთავრობა, წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“) დაასრულეს მოლაპარაკებები კანონის ამოქმედებამდე და 2019 წლის აპრილში „ნამახვანი ჰესების“ კასკადის პროექტი იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვაში, ყველა სხვა უწყებების მსგავსად, ფინანსთა სამინისტროც მონაწილეობდა. ყველა არგუმენტის დეტალური და სკრუპულოზური შესწავლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ამდენად, „ნეტგაზეთში“ მოყვანილი ფინანსთა სამინისტროს წერილით ცხადი ხდება, თუ რატომ არ განუხილავს აღნიშნულ უწყებას „ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება და ამით ცალსახად ბათილდება ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ცრუ და არაზუსტი ინფორმაცია, თითქოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა უარყოფითი დასკვნა „ნამახვანის“ ხელშეკრულებაზე. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება თავიდანვე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად.

ამავე დროს, განვმარტავთ, რომ ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გარანტირებული შესყიდვის ტარიფს, გარკვეული ფისკალური რისკების მატარებელია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება, იმპორტულ ენერგომატარებლებზე მზარდი დამოკიდებულების შეჩერება, მისი ეტაპობრივი შემცირება და ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ზრდა. ეს საკითხი მით უფრო აქტუალურია ახლა, როდესაც მსოფლიო ფასები ნავთობპროდუქტებსა და ელექტროენერგიაზე მატულობს. ამასთან, ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ გონივრული კომპრომისისა და თითოეული პროექტის დეტალური შესწავლის შემდეგ ვიღებთ. სწორედ ამას ემყარება ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმა – გონივრულად ავითვისოთ განახლებადი ენერგიის საკუთარი წყაროები, ჩავდოთ როგორც საკუთარი რესურსი, ასევე მოვიზიდოთ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები ჰიდრო, ქარის და მზის ენერგეტიკაში და ამით ხელი შევუწყოთ ქვეყანაში „მწვანე ენერგეტიკის“ განვითარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.