„ეკიპის“ ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენში“ მნიშვნელოვანი საკადრო გადახალისებაა მოსალოდნელი #1TVSPORT

19:31, 01.06.2026
Bradley BARCOLA of Paris Saint Germain (PSG) during the UEFA Champions League round of 16 football match between Paris Saint Germain and Chelsea at Parc des Princes on March 11, 2026 in Paris, France. (Photo by Baptiste Fernandez/Icon Sport)   – Photo by Icon Sport

„პარი სენ-ჟერმენში“ ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრისთვის“ სერიოზული საკადრო გადახალისება მზადდება, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა შემადგენლობის მნიშვნელოვან შეცვლას გეგმავს, რაც როგორც წამყვანი მოთამაშეების გუნდიდან წასვლას, ისე ახალი ფეხბურთელების დამატებას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობებით, მეკარე ლუკა შევალიემ კლუბის დატოვება უკვე გადაწყვიტა და საკუთარი მომავლის თაობაზე პსჟ-ის მესვეურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება კაპიტნის, მარკინიოსის სიტუაცია. გარდა ამისა, დიდია ალბათობა, რომ პარიზი ნახევარმცველმა კანგ-ინ ლიმ და თავდამსხმელმა გონსალო რამუშმაც დატოვონ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბრედლი ბარკოლას მდგომარეობა. მას შემდეგ, რაც გარემარბმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, გამორიცხული არ არის, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. ერთ-ერთ მთავარ მსურველად „ლივერპული“ სახელდება, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს პრემიერლიგის სხვა კლუბებისგანაც აქვს შეთავაზებები.

რაც შეეხება პოტენციურ შენაძენებს, პსჟ აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს რამდენიმე ფეხბურთელთან – ელი კრუპისთან („ბორნმუთი“), იან დიომანდესთან („ლაიფციგი“) და მაგნეს აკლიუშთან („მონაკო“). პარიზელთა ინტერესთა სფეროში ასევე მოექცა მოსკოვის „ლოკომოტივის“ მოთამაშე ალექსეი ბატრაკოვი.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დიოგო კოშტასა („პორტუ“) და ხულიან ალვარესის („ატლეტიკო“) სიტუაციასაც აკვირდებიან, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, არგენტინელი თავდამსხმელის ტრანსფერის განხორციელება კლუბს ფინანსურად ან კონკურენციის გამო საკმაოდ გაურთულდება.

მსგავსი