ეკატერინე ტიკარაძე - უმოკლეს ხანში მე და თენგიზ ცერცვაძე მოვინახულებთ შენობას, რომელშიც ინფექციური საავადმყოფო გადავა
ეკატერინე ტიკარაძე - უმოკლეს ხანში მე და თენგიზ ცერცვაძე მოვინახულებთ შენობას, რომელშიც ინფექციური საავადმყოფო გადავა

ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრობლემატიკა რეალურად გადაწყვეტილია, ჩვენ ვგეგმავთ ამ საავადმყოფოს რემონტს, აღჭურვას და ეს იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ეს არ არის დროებითი ღონისძიება, რადგან ინფექციური საავადმყოფო გადავა ახალ შენობაში.

„რაც შეეხება იმ შენობას, სადაც ახლა იმყოფება ინფექციური საავადმყოფო, რეგულირების სამსახურის მხრიდან ორი დღის წინ იქნა დეტალურად დამატებით შესწავლილი კონკრეტულად ის საჭიროებები, რომელიც თენგიზ ცერცვაძემ დაასახელა. ჩვენ ვმუშაობთ ამ მეორე პროექტის ფარგლებში, რადგან გადაუდებლად შევძლოთ, მოვაგვაროთ ის კონკრეტული პრობლემები, რომელიც მათ დღეს აქვთ. უმოკლეს ხანებში მე და თენგიზ ცერცვაძე ერთად მოვინახულებთ შენობას, სადაც ინფექციური საავამდყოფო გადავა. თენგიზ ცერცვაძესთან კონსულტაციები იყო, მას ეს შენობა აქვს ნანახი, თანხმობა არის მისგან მიღებული და მისგან კითხვები არ არსებობს, რაც მნიშვნელოვანია. დამატებით ამაში მონაწილეობდა არა მხოლოდ თენგიზ ცერცვაძე, არამედ რეგულირების სააგენტო, რომელმაც შეისწავლა შენობის ვარგისიანობა იმ მიზნებისთვის, რომელიც აქვს ბატონ თენგიზს. შენობა აკმაყოფილებს ყველა ამ მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დარწუნებული ვართ, რომ დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ის საკითხი, რამდენ ხანში შევძლებთ შენობის გარემონტებას და აღჭურვას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ცხრა თვიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება ამას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხა საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენას ან აშენებას მოხმარდება. თუმცა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მანამდე, ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ.

დატოვე კომენტარი