თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციური საავადმყოფოს შენობაში გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ახალი, მზა შენობის გადაკეთებას, რეკონსტრუქციასა და კლინიკის საჭიროებებზე მორგებას არაუმეტეს ერთი წელი დასჭირდება.

თუმცა, მისივე თქმით, კლინიკამ მუშაობის გაგრძელება რომ შეძლოს, ახალ შენობაში გადასვლამდე, არსებულ ტერიტორიაზე გადაუდებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შენობის გადაკეთებას და მის რეკონსტრუქციას დასჭირდეს არაუმეტეს ერთი წლისა, სასურველია 8-10 თვეში თუ ჩავეტევით. ამ ერთი წლის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვართ, გაკეთდეს ის მინიმალური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი მდგომაროებით, ჩვენ მუშაობა უნდა შევწყვიტოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის განმარტებით, ობიექტის უკანონო პრივატიზაციაში პასუხისმგებლობა წინა ხელისუფოლებასა და „ავერსს“ ეკისრება.

„იმაში, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გადაუდებელი და აუცილებელი სამუშაოები არ განხორციელდა, ცალსახად პასუხისმგებლობას ვაკისრებ ისევ „ავერსს“ და ჯანდაცვის სამინისტროს“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხა საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენას ან აშენებას მოხმარდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 27 ივლისის მთავრობის სხდომაზე, აღნიშნულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეპიდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა არსებობდეს.

დატოვე კომენტარი