ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა
ეკატერინე ტიკარაძე - საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეჯერება მომხდარიყო, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია ჩვენი მოქალაქეების სულიერ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე გამორიცხული იყო, ჩვენ შორის გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით გამოსავლებს, რომელიც იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, თუ გათვალისწინებული იქნება ყველა საკითხი, რომელსაც საპატრიარქო აცხადებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ხარისხიც და მოლოდინებიც, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ძალიან აშინებდა.

„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მრევლის და მოქალაქეების მხრიდან ეს ყველაფერი დაცული არ იქნებოდა, ეს „კოვიდ 19“-ის გავრცელების ძალიან დიდ ესკალაციამდე მიგვიყვანდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ეს არის ის ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ გარკვეულწილად, ეს არის ოქროს შუალედი, რომლის მიღწევასაც ხელისუფლება ცდილობდა.

„ჩამოთვლილი იყო ძალიან ბევრი რისკჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც ეკლესიაში მისვლას უნდა მოერიდოს და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი მრევლის გონივრულობაში. მოქალაქეები, რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, სწორად შეაფასებენ იმ რისკებს, რაც არის „კოვიდ 19“ და შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მათი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, აგვარიდებს იმ დიდ რიცხვებს, რომელსაც ყოველდღიურად ვაანონსებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყვიტეს, რომ აღდგომის ლიტურგიაზე მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე.​ ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.